ქართლი

ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.
ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
  1. ზემო ქართლი — ისტორიული მხარე, მოიცავდა მტკვრის ზედა დინებას, დაწყებული მის სათავეებიდან — ტაშისკარამდე (კოლა, არტაანი, სამცხე, ჯავახეთი და თორი), პლუს ჭოროხის ბასეინს სრულად (ტაო-კლარჯეთი). გეოგრაფიულად სრულად აერთიანებს, ეთნარქები — ოძრხოსის და ჯავახოსის მიწებს. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის „მესხეთს“.
  2. შიდა ქართლი — ისტორიული მხარე მტკვრის შუა დინებაზე, თავდაპირველად ცენტრით უფლისციხე დღესდღეობით ცენტრით ქალაქ გორით. თავდაპირველად აერთიანებდა მტკვრის შუაწელის ტერიტორიებს ტაშისკარიდან თბილისის ჩათვლით. გეოგრაფიულად სრულად მოიცავდა, ეთნარქი — უფლოსის მიწას. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  3. ქვემო ქართლი — ისტორიული მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე. თავდაპირველად იგი მოიცავდა თრიალეთის ქედის სამხრეთი მდინარეების (ხრამი და ალგეთი) აუზის ტერიტორიებს. შემოფარგლული იყო ერთის მხრივ მდინარე მტკვრით, მეორეს მხრივ თრიალეთის ქედით, მესამეს მხრივ აბოცის მთებით და მეოთხეს მხრივ დებედა-არაქსის წყალგამყოფი ზოლით. გეოგრაფიულად სრულად აერთიანებდა ეთნარქები — გარდაბოსისა და გაჩიოსის ტერიტორიებს. მოგვიანებით გარდაბნის ტერიტორიას დაემატა მტკვრის მარცხენა სანაპიროც ქალაქ რუსთავის ჩათვლით.
ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.



გორის ციხე
გორის ციხე
ShidaKartliHistorical.svg

ადმ. ცენტრი გორი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე
თბილისი
მუნიციპალიტეტი 8+1

შიდა ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
შიდა ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
შიდა ქართლი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით — არაგვით, ჩრდილოეთით — კავკასიონით, დასავლეთით — ლიხის ქედით, სამხრეთით — თრიალეთის ქედით.
შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.
შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.

ისტორია

მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად.
შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით — კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.
XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლის ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

No comments:

Post a Comment